Loading data...
ზელენსკი: აშშ-ს შეუძლია ომის დასრულებაში დახმარება, მაგრამ ზეწოლა რუსეთზე უნდა განხორციელდეს და არა ჩემზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეერთებული შტატები ომის დასრულებაში დაეხმარება, თუმცა ამისათვის საჭიროა მეტი ზეწოლა რუსეთზე და არა მასზე. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა Welt-თან და Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მხარს უჭერს მოლაპარაკებებს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გავლენა მათზე გადამწყვეტია. მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ზეწოლა რუსეთზე უნდა გაამახვილოს.

„ჩვენ არ ვენდობით რუსეთს, მაგრამ მე ვფიქრობ და მჯერა, რომ ამერიკელებს ნამდვილად სურთ ამ ომის დასრულება. იმედი მაქვს, რომ ისინი დაგვეხმარებიან, მაგრამ ჩვენ მეტი ზეწოლა გვჭირდება რუსეთზე და არა ჩემზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი კომენტარეი მოჰყვა ერთი კვირის წინ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის მიმართ კვლავ გამოხატა უკმაყოფილება და თქვა, რომ უკრაინის ლიდერი „საქმეს უნდა შეუდგეს“ და შეთანხმებას მიაღწიოს. ამასთან, ტრამპმა მიანიშნა, რომ უფრო მეტად ენდობა პუტინის მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ვიდრე ზელენსკის. „ვფიქრობ, პუტინი მზადაა შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ზელენსკიმ ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, რომლებსაც აშშ უკრაინას ჰპირდება და აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს დაპირებები.

„მოდით, ვიყოთ გულახდილები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მკაფიო პასუხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მკითხა: „გჯერათ, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება იყოს უფრო ძლიერი, ვიდრე ნატო?“ მე ვუპასუხე: „დიახ, დღეს ეს თქვენზეა დამოკიდებული. ეს თქვენზეა დამოკიდებული, ბატონო პრეზიდენტო. ღმერთმა დაგლოცოთ, თუ მივიღებთ ნატოზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიებს. მაგრამ რა მოხდება თქვენს შემდეგ? და რა მოხდება ჩემს შემდეგ?“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებს ეროვნული პარლამენტებისა და აშშ-ის კონგრესის დამტკიცება დასჭირდება, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ მომავალმა ადმინისტრაციებმა ვერ შეძლონ მათი უგულებელყოფა.