Loading data...
ზელენსკი: არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ვგეგმავთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არასოდეს უთქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნა სურს, - ასეთი განცხადება მან ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია უკრაინის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის გეგმებთან დაკავშირებით.

„ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ვგეგმავთ. მე ვთქვი, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი როდესაც გაფორმდა, აღნიშნული იყო, რომ უკრაინა უარს იტყოდა ბირთვულ იარაღზე და, სანაცვლოდ, ხელმომწერი ქვეყნებისგან მიიღებდა უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავთმეთ ბირთვული იარაღი და ეს ადამიანები, რომლებიც მაშინ პარტნიორები იყვნენ, ვალდებულნი იყვნენ, უსაფრთხოების გარანტიები მოეცათ ჩვენთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, განაცხადა, რომ ნატოში მიწვევა უკრაინას დიპლომატიურად გააძლიერებს.