ზელენსკი: არ ვფიქრობ, რომ ორბანს რამე უნდა შევთავაზო, თავად ორბანმა უნდა შესთავაზოს რაღაც უკრაინას, რადგან კიევი მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ გეგმავს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს რაიმე შესთავაზოს იმის სანაცვლოდ, რომ ბუდაპეშტმა კიევის ევროინტეგრაცია არ დაბლოკოს. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.
თავდაპირველად, ზელენსკის ჰკითხეს, რა უნდა შესთავაზოს უკრაინამ უნგრეთის პრემიერს, რათა შეაჩეროს უნგრეთის მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ არ უნდა დათმოს თავისი ღირებულებები. ამავდროულად, ზელენსკი აცხადებს, რომ უნგრელ ხალხს მეგობრად მიიჩნევს, რადგან ისინი მხარს უჭერენ უკრაინას.
„მე არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო. ვფიქრობ, ვიქტორ ორბანმა რაღაც უნდა შესთავაზოს უკრაინას, რომელიც მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს. ახლაც კი, ამ ომის დროს, ჩვენ მისგან არანაირი მხარდაჭერა არ მიგვიღია. უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის დაბლოკვა ვიქტორ ორბანის მხრიდან პუტინის მხარდაჭერის ძალიან სპეციფიკური ფორმაა “, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.