Loading data...
ზელენსკი: აბუ-დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის გუნდებს შორის პირველი საუბარი უკვე შედგა

უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური ჯგუფები დღეს, 23 იანვარს, აბუ-დაბიში შეიკრიბნენ. მათი პირველი საუბარი უკვე შედგა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე განაცხადა.

„უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველ საათში ერთხელ მეხმიანებიან - ისინი ამჟამად საამიროებში იმყოფებიან. დღეს იქ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები იმყოფებიან. ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ხანია, ასეთი სამმხრივი შეხვედრა არ გვქონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან აღნიშნა, რომ სამი ქვეყნის წარმომადგენლები უკრაინაში ომის დასრულების პარამეტრებს განიხილავენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მომლაპარაკებლებს „რუსეთისგან სულ მცირე რამდენიმე პასუხი უნდა ჰქონდეთ“ და დასძინა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს „თავის მიერ დაწყებული ომის დასასრულებლად“.

„უკრაინის პოზიციები ნათელია. მე ჩვენი დელეგაციისთვის დიალოგის ჩარჩო განვსაზღვრე. დელეგაცია - რუსტემ უმეროვი, კირილ ბუდანოვი, დავით არახამია და სერგეი კისლიცა - მუდმივ კონტაქტზეა. ხვალ მოლაპარაკებებს ასევე შეუერთდებიან გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გნატოვი და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დირექტორატის წარმომადგენელი სკიბიცკი“, - ნათქვამია უკრაინის ლიდერის განცხადებაში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შინაარსთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა ომის დასრულების სურვილის მნიშვნელობას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის მხრიდანაც.