Loading data...
ზელენსკი: 90 მილიარდი ევროს განბლოკვა რუსეთისთვის ომის დასრულების სიგნალია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მიერ კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გაცემის განბლოკვამ, მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან ერთად, რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი Telegram-ზე წერს. 

„ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირთან ჩვენი შეთანხმება უკრაინისთვის ორი წლის განმავლობაში 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის განბლოკვის შესახებ, ასევე, ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღების შესახებ, უკვე ამოქმედდა. განბლოკვა სწორი სიგნალია არსებულ ვითარებაში. რუსეთმა ომი უნდა დაასრულოს და მას ამის გაკეთების მოტივაცია მხოლოდ მაშინ ექნება, როდესაც უკრაინის მხარდაჭერაც და რუსეთზე ზეწოლაც საკმარისი იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, „მათ შორის ისეთ საკამათო საკითხებშიც კი, როგორიცაა „დრუჟბას“ ნავთობსადენის ექსპლუატაცია“ და პარტნიორებისგან შესაბამის ნაბიჯებს ელის.

„ჩვენ ველით, რომ ევროპული მხარეც უზრუნველყოფს იმას, რაც საჭიროა სიცოცხლის ნამდვილად დასაცავად და უკრაინის სრულფასოვანი ევროპული ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - დასძინა პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკის თქმით, კიევი დახმარების პაკეტის სწრაფ ამოქმედებას ელის და ევროპელ ლიდერებთან ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში ახალი კლასტერების გახსნაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისა და ევროპული ენერგეტიკული სისტემის განვითარების მიმართულებით მუშაობას აგრძელებს, რათა რუსეთმა ევროპის ენერგომომარაგებაზე მანიპულირების უნარი დაკარგოს.