ზელენსკი: 9 მაისს რუსეთის მხრიდან პროვოკაციები მოსალოდნელია, მათი ნდობა არ შეიძლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სადაზვერვო მონაცემები 9 მაისს, რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა: „სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არის ჩვენი მეზობელი და რაზეც არის წამსვლელი, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური სარგებლის მისაღებად“.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ ე.წ. სააღდგომო „ზავის“ დროს, რუსულმა ძალებმა 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში, რუსმა ჯარებმა ფრონტის ხაზზე 200-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს - რაც ბოლო თვეების განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
„ასე რომ, ნდობა არ არსებობს. პროვოკაციები შესაძლებელია. მაგრამ ეს რუსებზეა დამოკიდებული. და თუ ჯერ კიდევ, ვინმეს სჯერა რუსეთის, დაე, საკუთარ თავზე გამოცადონ“, - დასძინა უკრაინის ლიდერმა.