ზაპოროჟიეს ოლქში კომიშუვახაზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში 2 ნოემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„რუსებმა ცხრა ბომბი ჩამოაგდეს. მათ ჯერ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მისულ ადამიანებზე მიიტანეს იერიში, შემდეგ კი მაშველებსა და პოლიციელებზე. დღევანდელი მონაცემებით, 40 ადამიანი დაიღუპა. ზოგიერთი ცხედარი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ინფორმაციისთვის, ზაპოროჟიეს ოლქში, კომიშუვახაში 2 ნოემბერს რუსეთმა იერიში მიიტანა. კომიშუვახა ფრონტის ხაზზე მდებარეობს.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, დარტყმის სამიზნე ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც სკოლის შენობაში ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდნენ.
ხელისუფლების ცნობით, დარტყმები სამტონიანი ბომბებით განხორციელდა.