ზახაროვა: ტრამპის მუქარა რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს არ შეუწყობს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა რუსეთის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ვერცერთი მუქარა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, ნორმალიზების პროცესებზე დადებითად ვერ აისახება. ეს უბრალოდ თეორიული პასუხია პრაქტიკულ კითხვაზე. თეორიული იმიტომ, რომ ეს ბუნების კანონია“, - აღნიშნავს ზახაროვა.
მეორადი სანქციების შემოღების საფრთხეზე საუბრისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ უკვე გამოცხადდა „უპრეცედენტო რაოდენობის სანქციები“, რომლებიც „უბრალოდ ერთგვარ რუტინად იქცა“.
„ნათელია, რომ დასავლეთი ამ ნოტაზე გაიჭედა“, - აღნიშნა დიპლომატმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთს არ შეუძლია სანქციების ფაქტორის სრულად უგულებელყოფა, მაგრამ მან იცის, როგორ გაუძლოს ამ სანქციებს „ან თუნდაც გამოიყენოს ისინი საკუთარი სარგებლისთვის“.
„მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ დარტყმა გლობალურ ეკონომიკას ადგება. ის ფაქტიც აშკარაა, რომ ამ სანქციებმა სიტყვასიტყვით შეარყია მსოფლიოს მთელი რეგიონების კეთილდღეობა. უცნაურია, რომ ეს ზოგიერთისთვის ნათელია და ვიღაცებისთვის არა“, - დასძენს ზახაროვა.