WSJ: უკრაინას რამდენიმე წლით ნატოზე უარის თქმა მოუწევს
უკრაინაში ომის დასრულების აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ ითვალისწინებს რუსეთისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიულ დათმობებს, სამშვიდობო ძალების განლაგებისა და ნატოში გაწევრიანების მოთხოვნების უარყოფას, - წერს The Wall Street Journal.
ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, აშშ ცდილობს გამოიყენოს იგივე მიდგომა, რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის დროს გამოიყენა - შეიმუშაოს რამდენიმე პუნქტიანი გეგმა და შემდეგ მეომარი მხარეები აიძულოს, მიიღონ იგი.
„თუმცა, ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ეს გეგმა, სავარაუდოდ, კიევსა და ევროპის მთავრობებში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის წყაროების ცნობით, გეგმა ითვალისწინებს, რომ უკრაინა რუსეთს დონბასის მთელ აღმოსავლეთ რეგიონს გადასცემს, მათ შორის კიევის მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებსაც.
„უკრაინას მოუწევს დათანხმდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობაზე უარის თქმას, სულ მცირე, რამდენიმე წლით. კიევს არ მიეცემა უფლება, ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალები განათავსოს. სანაცვლოდ, ოფიციალური პირების თქმით, მოსკოვი აიღებს ვალდებულებას, არ დაესხმება თავს უკრაინას ან სხვა ევროპულ ქვეყნებს და ამ დაპირებას დოკუმენტის სახით დააფიქსირებს“, - წერს მედია.
ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი თავის მიზნად არ მიიჩნევს უკრაინისთვის რუსეთის მიერ უკვე დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას. ამის ნაცვლად, მას სურს შეთანხმება, რომელიც საბრძოლო მოქმედებებს დაასრულებს.