Loading data...
WSJ: ტრამპი „სიგნალის“ ჩატის სკანდალის გამო მაიკ უოლცს ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცს Signal-ის ჩატის სკანდალის გამო ადანაშაულებს, სადაც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები კონფიდენციალურ საკითხებს განიხილავდნენ, - აღნიშნულის შესახებ გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. 

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი იმედგაცრუებულია ამ ეპიზოდით და მან თავისი რისხვა უოლცისკენ მიმართა. 

„უცნობია გაათავისუფლებს თუ არა ის თავის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში“, - აცხადებენ ოფიციალური პირები კონფიდენციალურად. 

ცნობისთვის, ამერიკული გამოცემის The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აცხადებს, რომ ის დაემატა დახურული Signal-ის მესენჯერის ჩატ-რუმს, სადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იემენზე საჰაერო იერიშის დეტალებს განიხილავდნენ. 

გოლდბერგის თქმით, 11 მარტს იემენში აშშ-ის თავდასხმებამდე ოთხი დღით ადრე - მან მიიღო მოთხოვნა Signal-ზე მომხმარებლისგან, სახელად მაიკლ უოლცი.

გავრცელებული ცნობით, ჩატის მონაწილეები აქვეყნებდნენ საიდუმლო ინფორმაციას. თავად ტრამპმა განაცხადა, რომ მან „არაფერი არ იცის“ The Atlantic-ის სტატიისა და ამ ინციდენტის შესახებ.