Loading data...
WSJ: ევროპა ზელენსკის აფრთხილებს, არ დათანხმდეს რუსეთის არცერთ მოთხოვნას აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების გარეშე

ევროპული ქვეყნების ლიდერებმა, რომლებმაც 1-ელ დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართეს, ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილეს, რომ არ დაეთანხმოს რუსეთის არცერთ მოთხოვნას შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების გარეშე, - წერს The Wall Street Journal.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ევროპელი ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ნებისმიერი გარიგების ფარგლებში უკრაინისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებში აშშ-ის როლი საკვანძო უნდა იყოს.

დიპლომატების ცნობით, სატელეფონო საუბრისას, მაკრონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა ნათლად უნდა განსაზღვროს, თუ როგორ დაიცავს უკრაინას, ვიდრე კიევი შეთანხმების საბოლოო პირობებს დათანხმდება.

როგორც მედია წერს, მერცმა, ასევე, გააფრთხილა ზელენსკი, რომ მომდევნო დღეებში ძალიან ფრთხილად ყოფილიყო.

როგორც WSJ აღნიშნავს, კიევსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ვაშინგტონი არ განმარტავს თუ როგორ იმოქმედებს, თუ რუსეთი დაარღვევს პოტენციურ სამშვიდობო შეთანხმებას და კვლავ დაესხმება თავს უკრაინას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს გაფრთხილება ევროპელი ლიდერების მცდელობის კიდევ ერთი მაგალითია, ჩაერიონ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებსაც შეერთებული შტატები ევროპის მცირე ან საერთოდ არ მონაწილეობით აწარმოებს.

მაკრონმა და მერცმა ამ კვირაში საჯაროდ მოითხოვეს ევროპელი ლიდერების ჩართვა მოლაპარაკებებში და განაცხადეს, რომ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ მათ შეუძლიათ.

WSJ-ის ცნობით, უკრაინამ არაერთხელ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში წევრობის ნაცვლად, შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა, როგორც შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის მომავალი თავდასხმისგან.