Loading data...
WSJ: აშშ-მა ვენესუელას მახლობლად თვითმფრინავები და ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმები განალაგა

ამ კვირაში აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში დიდი რაოდენობით სპეციალური დანიშნულების თვითმფრინავი და რამდენიმე სატვირთო თვითმფრინავი განათავსა, რომლებიც ჯარისკაცებითა და აღჭურვილობით იყო სავსე. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ამერიკელი ოფიციალური პირების მონაცემებსა და ფრენების შესახებ ინფორმაციის ღია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, 22 დეკემბერს ნიუ-მექსიკოში, კენონის საჰაერო ძალების ბაზიდან კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სულ მცირე 10 ამერიკული CV-22 Osprey-ის ტიპის თვითმფრინავი განლაგდა.

ფრენის თვალთვალის მონაცემების თანახმად, აშშ-ის სამხედრო ბაზებიდან - ფორტ სტიუარტიდან და ფორტ კემპბელიდან - პუერტო-რიკოში ასევე ჩავიდნენ C-17 სატვირთო თვითმფრინავები.

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა WSJ-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავებს სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა გადაჰყავდა. წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რა ტიპის ჯარი და აღჭურვილობა გადაჰყავდა თვითმფრინავებს.

ცნობილია, რომ კენონში 27-ე სპეციალური ოპერაციების პოლკია განლაგებული, ხოლო ფორტ კემპბელში განლაგებულია 160-ე სპეციალური ოპერაციების საავიაციო პოლკი, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ელიტური ქვედანაყოფი და 101-ე საჰაერო-სადესანტო დივიზია.

ეს დანაყოფები სპეციალიზებულია ინფილტრაციისა და მაღალი რისკის მქონე პერსონალის გაყვანის მისიების მხარდაჭერაში, ასევე პირდაპირი საჰაერო და საბრძოლო მხარდაჭერის უზრუნველყოფაში.

ჯარების გადალაგება მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის ლიდერ ნიკოლას მადუროზე ზეწოლა გააძლიერა და ქვეყანაში შემავალი და გამავალი ნავთობტანკერების ბლოკადა ბრძანა.

29 ნოემბერს დონალდ ტრამპმა ვენესუელასა და მიმდებარე საჰაერო სივრცის თავზე „ცის დახურვის“ შესახებ განაცხადა. ეს მოჰყვა აშშ-ის მიერ ვენესუელას სანაპიროსთან გემებზე განხორციელებულ მრავალრიცხოვან დარტყმებს, რომლებიც, აშშ-ის აზრით, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან იყვნენ დაკავშირებული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ვენესუელასთან ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.