WP: ვაშინგტონში მდებარე სამხედრო ბაზა ფორტ მაკნეირთან, სადაც მარკო რუბიო და პიტ ჰეგსეთი ცხოვრობენ, ამოუცნობი დრონები დაფიქსირდა
ვაშინგტონში მდებარე სამხედრო ბაზა ფორტ მაკნეირთან, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი ცხოვრობენ, ამოუცნობი დრონები დაფიქსირდა.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ერთ ღამეს ბაზის თავზე რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ინციდენტმა ხელისუფლებას აიძულა, განეხილა რუბიოსა და ჰეგსეტის სხვა ადგილზე გადაყვანის საკითხი. ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, ეს ფაქტი უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
პენტაგონის სპიკერმა შონ პარნელმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზეზებით ჰეგსეთის გადაადგილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებას „უკიდურესად უპასუხისმგებლო“ უწოდა.
ფორტ ლესლი მაკნეირი მდებარეობს კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის მახლობლად. ტრადიციულად, ეს ბაზა არ გამოიყენებოდა პოლიტიკური ლიდერების საცხოვრებლად, თუმცა „ვაშინგტონ პოსტის“ მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციის სულ უფრო მეტი წარმომადგენელი გადადის სამხედრო ბაზებზე უსაფრთხოების მიზეზებით.
18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მთელ მსოფლიოში მდებარე ამერიკულ დიპლომატიურ მისიებს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ“ შეაფასონ უსაფრთხოების დონე. ამასთან, აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ბაზა დროებით დაიხურა საფრთხეების გამო, ხოლო ნიუ-ჯერსიში მდებარე მაკგუაირ-დიქს-ლეიკჰერსტის ბაზამ და ფლორიდაში მაკდილლის ავიაბაზამ უსაფრთხოების დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდეს, რაც ნიშნავს, რომ შესაძლო თავდასხმის ან საფრთხის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია არსებობს.