Loading data...
WP: უკრაინის თავდასხმებმა რუსეთში ბენზინის წარმოების შემცირება გამოიწვია

უკრაინის ახალი სტრატეგია, რომელიც რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს ისახავს მიზნად, აგრესორი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს, - წერს The Washington Post.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთში გადამუშავების სიმძლავრე მკვეთრად შემცირდა, რადგან მთავრობა ცდილობს უზარმაზარი სამხედრო ხარჯები შემოსავლების შემცირებასთან დააბალანსოს.

სტატიაში მოყვანილია რუსეთის ენერგეტიკული ბაზრის ანალიზის სააგენტო Seala-ს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ქვეყნის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების თითქმის 40% უმოქმედოა, ძირითადად თავდასხმების შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო.

„უკრაინული დრონების თავდასხმები მთავარი მიზეზია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ნიკიტინმა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის საწვავის ბაზარი დეფიციტის წინაშე დგას.

გამოცემა ერთ-ერთ რუსულ მედიასაშუალებას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებლები უკვე იწყებენ დეფიციტის შეგრძნებას, ქვეყანაში წარმოების დაახლოებით 10%-ით შემცირების გამო, დაახლოებით 50 ბენზინგასამართი სადგურიდან 1-მა შეწყვიტა ბენზინის გაყიდვა.

გამოცემა, ასევე, აღნიშნავს, რომ რუსეთი ზრდის ბელორუსიიდან შესყიდვებს.  გარდა ამისა, სექტემბერში ბენზინის იმპორტი წინა თვეებთან შედარებით 168%-ით გაიზარდა. ამის მიუხედავად, მოცულობები მაინც არასაკმარისია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 1-ელ ოქტომბერს, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა შესთავაზა ბელორუსიიდან შესყიდვების შემდგომი გაზრდა, ასევე, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სინგაპურიდან ბენზინზე იმპორტის გადასახადების გაუქმება.

აღსანიშნავია, რომ მონაცემების თანახმად, ოკუპირებული ყირიმი ყველაზე მეტად დაზარალდა.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კიევი გეგმავს გაზარდოს შორი მოქმედების დრონების წარმოება, რათა გააგრძელოს რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.

ცნობისთვის, რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების უმეტესობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რაც მათ თავდასხმების მიმართ დაუცველს ხდის.