Loading data...
WP: აშშ-ის დაზვერვას არ სჯერა, რომ პუტინი მზად არის მშვიდობისთვის

ამერიკული დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის მზად მშვიდობისთვის. მას კვლავ სურს უკრაინის ხელში ჩაგდება, - ამის შესახებ RBC-Ukraine The Washington Post-ზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, ამერიკული დაზვერვის საიდუმლო ანგარიშები, მათ შორის ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებული, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პუტინის მზადყოფნას დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებს შორის გავრცელებულ ერთ-ერთ საიდუმლო შეფასებაში, რომელიც 6 მარტით თარიღდება, ნათქვამია, რომ პუტინს კვლავ გადაწყვეტილი აქვს  ძალაუფლება კიევში შეინარჩუნოს.

ზოგიერთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პუტინი, თუნდაც დათანხმდეს ცეცხლის დროებით შეწყვეტას, გამოიყენებს მას თავისი ჯარების აღსადგენად და გადაიარაღებისთვის. მათი აზრით, პუტინი დიდი ალბათობით დაარღვევს შეთანხმების პირობებს პროვოკაციით, რაშიც უკრაინას დაადანაშაულებს.

უცნობია წაიკითხა თუ არა ტრამპმა დაზვერვის ანგარიში. თუმცა, გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ ეს არის იმ ტიპის ინფორმაცია, რომელსაც ტრადიციულად აწვდიან პრეზიდენტს. სხვა წყაროს თანახმად, აშშ-ს ზოგიერთი შეფასება პუტინის შეურიგებლობის შესახებ ტრამპს აღიზიანებს. აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა თანაშემწეებმა ბოლო დღეებში წამოჭრეს საკითხი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობის შესახებ, თუ ის უარს იტყვის ომის დასრულებაზე.