Loading data...
World Central Kitchen-ი, რომლის 7 თანამშრომელი თავდასხმას ემსხვერპლა, ღაზას სექტორში მუშაობას აჩერებს

არასამთავრობო ორგანიზაცია World Central Kitchen-მა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში მუშაობას დაუყოვნებლივ აჩერებს მათ თანამშრომლებზე სასიკვდილო თავდასხმის გამო, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა

„ჩვენ რეგიონში საქმიანობას დაუყოვნებლივ ვაჩერებთ. ჩვენი საქმიანობის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“, - ამბობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ერინ გორი.

არასამთავრობო ორგანიზაციის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა ღაზას ცენტრალურ ნაწილში მათ მანქანაზე თავდასხმის დროს, როდესაც ღაზას ჩრდილოეთით საკვები და სხვა მარაგები გადაჰქონდათ.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში  ნათქვამია, რომ მისი თანამშრომლები არასაომარ ზონაში ორი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომლებზეც WCK-ის ლოგო იყო გამოსახული.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებთან კოორდინირებული მუშაობის მიუხედავად, მანქანებს თავს დაესხნენ.

„ეს არ არის მხოლოდ World Central Kitchen-ზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ყველაზე მძიმე სიტუაციებში ჩნდებიან, როდესაც საკვები ომის იარაღად გამოიყენება. ეს უპატიებელია“, - აღნიშნა ორგანიზაციის დირექტორმა, ერინ გორმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გამოძიებას უმაღლეს დონეზე აწარმოებენ, რათა ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებები გაარკვიონ. თუმცა მათ არ უთქვამთ, იყვნენ თუ არა თავდასხმაზე პასუხისმგებლები.