Loading data...
Welt: ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას არ დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიუნხენის უსაფრთხოების წლევანდელ კონფერენციას არ დაესწრება. ამის შესახებ გაზეთი Welt-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

გაზეთი წერს, რომ უსაფრთხოების კონფერენციაზე ვენსის არ დასწრების მიზეზი უცნობია. 

ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვენსის გამოსვლამ აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ვენსმა ევროკავშირის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. 

„საფრთხე, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი. ის, რაც მადარდებს, არის საფრთხე შიგნიდან – ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან ყველა გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ანალოგიური რამ, შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის“, - განაცხადა 2025 წლის კონფერენციაზე ჯეი დი ვენსმა.