Welt: ევროპული ქვეყნები მზად არიან, მშვიდობის უზრუნველსაყოფად უკრაინაში 15 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნონ
ევროპული ქვეყნები მზად არიან, საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინაში 10 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნონ, - ამის შესახებ Die Welt-ი იტყობინება.
ბრიუსელის დიპლომატიური წრეებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროპელები მზად არიან მონაწილეობა მიიღონ „მსურველთა კოალიციაში“, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს თვალი ადევნონ.
„გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გამოიყურებოდეს, უკვე მზად არის. ისინი ძირითადად შემუშავდა ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ექსპერტების მიერ ბრიუსელთან თანამშრომლობით“, - განაცხადეს დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა.
გარდა ამისა, დიპლომატიური წრეებიდან ცნობილი გახდა, რომ „საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში გაეროს ან ევროკავშირის მანდატის გარეშეც“, უკრაინის მოწვევა ორივე ქვეყნისთვის საკმარისია.
გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ზღვასა და ცაში ზავის მონიტორინგს უკრაინის მეზობელი ქვეყნები უნდა ახდენდნენ.