Welt: ჩინეთი მზადაა უკრაინაში სამშვიდობოები გაგზავნოს, მაგრამ ერთი პირობით

ჩინეთმა გამოთქვა მზადყოფნა, გაგზავნოს ჯარები უკრაინაში. თუმცა, პეკინს სურს, რომ ძალები გაეროს მანდატით განლაგდნენ. წერს Welt.
ევროკავშირის დიპლომატებმა, ანონიმურობის პირობით, Welt am Sonntag-ს განუცხადეს, რომ ჩინეთის სამთავრობო წრეებმა დაადასტურეს უკრაინისთვის სამშვიდობო კონტინგენტში მონაწილეობის სურვილი. თუმცა, წყაროებმა ხაზი გაუსვეს, რომ პეკინი მზად იქნება ამის გასაკეთებლად, „თუ სამშვიდობო ჯარები გაეროს მანდატის საფუძველზე განლაგდებიან“.
ჩინეთის ამ პოზიციამ ბრიუსელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნების მხარდაჭერამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს უკრაინაში სამშვიდობო კონტინგენტის იდეის პოპულარიზაციას.
მეორე მხრივ, „ასევე, არსებობს საფრთხე, რომ ჩინეთი, პირველ რიგში, უკრაინის ჯაშუშობას მოისურვებს და კონფლიქტის შემთხვევაში ნეიტრალური პოზიციის ნაცვლად აშკარად პრორუსულ პოზიციას დაიკავებს“.
კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას, სხვადასხვა მიზეზის გამო, ურჩევნია სამშვიდობოებს გაეროს დონეზე მანდატი არ მიანიჭოს.