Wall Street Journal - ტრამპი მზად არის ირანის ახალი უზენაესი ლიდერი გაანადგუროს, თუ ის აშშ-ს არ დაემორჩილება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ლიკვიდაციას თუ ის არ დათანხმდება ვაშინგტონის მოთხოვნებს, მათ შორის ბირთვული პროგრამის შეჩერებას. ამის შესახებ Wall Street Journal-ი რამდენიმე მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალების წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მოჯტაბა ხამენეი გააგრძელებს მამის, ყოფილი უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მკაცრ პოლიტიკას და არ იქნება მზად დასავლეთთან კომპრომისზე წავიდეს.
გამოცემის წყაროებმა ასევე აღნიშნეს, რომ ისრაელს, შესაძლოა, ირანის ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლო ოპერაციის განხორციელება დაევალა.
ვაშინგტონს ამ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთმა სცენარმა, შესაძლოა, მკვეთრად გააძლიეროს აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი და გამოიწვიოს შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.
ინფორმაციისთვის, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს.
56 წლის მოჯთაბა ხამენეი ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის თანამდებობაზე ექსპერტთა ასამბლეის წევრებმა აირჩიეს.
მედიის ინფორმაციით, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.