ვუჩიჩი: სერბეთი მზადაა, ევროკავშირს იარაღი მიჰყიდოს
სერბეთში საწყობები „ვაზნებით გადავსებულია“, ამიტომ ქვეყანა მზადაა, ის ევროპის ქვეყნებს მიაწოდოს, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Cicero-თან ინტერვიუში.
ვუჩიჩის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შეშფოთება, რომ სერბეთი რუსეთთან კავშირების გამო ევროპაში ვინმეს საფრთხეს შეუქმნის, ეს სინამდვილეში ასე არ არის. მან დასძინა, რომ მისი ქვეყანა, რომელიც საბრძოლო მასალის მსხვილი მწარმოებელია, მზადაა, ისინი ევროპის ქვეყნებს მიაწოდოს.
„ჩვენი საწყობები სავსეა საბრძოლო მასალით და ჩვენ ბევრს ვაწარმოებთ, განსაკუთრებით ნაღმმტყორცნების ჭურვებს. ჩვენ საფრანგეთზე მეტ საბრძოლო მასალას ვაწარმოებთ... ევროპას საბრძოლო მასალა სჭირდება. ამიტომ შევთავაზე ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, ჩვენთან ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაედოთ და ყველაფერი წაეღოთ, რაც გვაქვს. ეს იქნებოდა ფენომენალური წვლილი, რომლის შეტანაც შეგვიძლია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
როდესაც ჰკითხეს, შეძლებდნენ თუ არა ევროპელები შეძენილი იარაღის უკრაინისთვის გადაცემას, სერბეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მათ „შეუძლიათ ის გააკეთონ, რაც სურთ“. ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მის ქვეყანას ევროპელებისგან გრძელვადიანი კონტრაქტები სჭირდება. მან დასძინა, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობა უკვე არსებობს.
„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სერბეთი სამხედრო თვალსაზრისით ნეიტრალურია. თუმცა ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ევროპულ არმიებთან თანამშრომლობისთვის“, - დასძინა ვუჩიჩმა.