ვუჩიჩი პუტინს: უკრაინის კრიზისის დაწყებიდან სერბეთი რთულ სიტუაციაში იმყოფება, ჩვენ შევძელით ჩვენი პრინციპული პოზიციის შენარჩუნება

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ჩივილით აღნიშნა, რომ სერბეთი „რთულ სიტუაციაშია“ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო.
ვუჩიჩმა რუსეთის ლიდერს რუსულად მიმართა და მადლობა გადაუხადა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტის დროს თბილი დახვედრისთვის.
„სერბეთისთვის რუსეთთან უმაღლეს დონეზე თანამშრომლობა ყველა სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა, გავაუმჯობესოთ თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი. ენერგეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, განსაკუთრებით გაზმომარაგება“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სერბეთი „რთულ სიტუაციაში“ აღმონდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
„სერბეთი რთულ სიტუაციაშია, ცდილობს, ზეწოლას გაუმკლავდეს, მაგრამ ჩვენ მაინც შევძელით ჩვენი პრინციპული პოზიციის შენარჩუნება რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სერბეთის დამოუკიდებლობისთვის, ასევე, ვეცდებით, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა დავრჩეთ, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა“, - განაცხადა ვუჩიჩმა.