Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა თუ რატომ არ შეიძლება უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო იყოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიაში ვიზიტის დროს განმარტა, თუ რატომ არ შეიძლება უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო იყოს. ამის შესახებ მან ავსტრიის პრეზიდენტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა. 

ზელენსკის უკრაინისთვის პოტენციურ ნეიტრალურ სტატუსთან დაკავშირებით მისი აზრი ჰკითხეს, პასუხად პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ 2014 წელს უკრაინას არაწევრი სტატუსი ჰქონდა.

„ძალიან ნათელია, თუ როგორ დასრულდა ეს ყველაფერი. ეს ომის დაწყებით დასრულდა. ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაბლოკის სტატუსი გვქონდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაზე თავდასხმა არ მომხდარა იმიტომ, რომ ის ამა თუ იმ კავშირში იმყოფებოდა. 

„გვსურს ომის დასრულება, მაგრამ არა ულტიმატუმის სახით და არა უკრაინის დამოუკიდებლობის ხარჯზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრიას 16 ივნისს ეწვია.