Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა, სადაც დონალდ ტუსკთან შეხვედრას მართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვარშავაში ჩავიდა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან შეხვედრას მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 8 ივლისს პოლონეთი და უკრაინა უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტუსკს შორის მოლაპარაკებები გაიმართება როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში დელეგაციების მონაწილეობით.

„იგეგმება მოლაპარაკებები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის მხარდაჭერასა და ნატოს სამიტის მოლოდინებზე, რომელიც ვაშინგტონში [9-11 ივლისს] გაიმართება. მხარეები ასევე განიხილავენ პოლონეთის მონაწილეობას უკრაინის აღდგენაში, ვაჭრობისა და ჰუმანიტარული თანამშრომლობის განვითარებას.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტუსკი ხელს მოაწერენ შეთანხმებას უკრაინასა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და ისაუბრებენ მედიის წარმომადგენლებთანაც“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„სიმტკიცე და გამბედაობა. ეს სიტყვები ყველაზე კარგად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას უსაფრთხო უკრაინისა და უსაფრთხო ევროპისათვის ბრძოლის მიმართ. ამ ბრძოლაში ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ”, - წერს დონალდ ტუსკი. 

ტუსკთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრას გეგმავს.