ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა, იურიდიულად, არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას

უკრაინა, იურიდიულად, არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„არაფერია სალაპარაკო. ეს ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებს სცილდება. ეს ჩვენი ტერიტორიაა, უკრაინელი ხალხის ტერიტორია. როგორც კი ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე მოლაპარაკებები დაიწყება, ჩვენ შევდივართ იმ ფორმატში, რომელიც სურს რუსეთს - ომის გახანგრძლივება, რადგან ყველაფერზე სწრაფად შეთანხმება შეუძლებელი იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა 12 წელია ომშია.
„12 წელია ომში ვართ, ეს უკვე პასუხია, შესაძლებელია თუ არა ზოგადად რუსეთთან შეთანხმება? ეს რიტორიკული კითხვაა. შესაძლებელია თუ არა რუსეთთან სწრაფად შეთანხმება? არა. ზეწოლის გარეშე ეს შეუძლებელია“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ზეწოლა უნდა იყოს მთელი მსოფლიოდან და პირველ რიგში, შეერთებული შტატებიდან. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ ასეთი საკითხების ჩართვა ომის დასრულების შესახებ დისკუსიებში არის „პუტინის თამაში“.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახის სიგნალები ისმის, მაგრამ თუ ოფიციალურად, მსგავსი წინადადება იქნება, უკრაინა მას დაუყოვნებლივ უპასუხებს.
ამავდროულად, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან არ იცის, ვისგან მოდის ეს ყველაფერი - „რუსეთის ფედერაციისგან, თუ აშშ-ის გარკვეული წარმომადგენლებისგან, რომლებსაც პუტინთან დიალოგი ჰქონდათ“.