Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში ჩავიდა, სადაც ის პაპ ლეო XIV-ს და ამერიკულ დელეგაციას შეხვდება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. 

ზელენსკის იტალიაში ვიზიტი უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენციაში სახელმწიფოს მეთაურის მონაწილეობის ფარგლებში ხორციელდება. პრეზიდენტი რომში ვიზიტს პაპ ლეო XIV-სთან აუდიენციით დაიწყებს.

ამის შემდეგ ზელენსკი იტალიის პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში - კვირინალის სასახლეში - გაემგზავრება, სადაც გაიმართება ოფიციალური დახვედრის ცერემონია, დელეგაციების წარდგენა და ერთობლივი ფოტოსესია.

ადგილობრივი დროით 16:10 საათზე უკრაინის პრეზიდენტი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

მოგვიანებით, 17:30 საათზე, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინაში, კიტ კელოგს შეხვდება.

ვიზიტის დროს ზელენსკი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს, რომელიც უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

როგორც ცნობილია, 10 და 11 ივლისს იტალიაში უკრაინის რეკონსტრუქციისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება, რომელშიც ამერიკული დელეგაცია ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

კონფერენციას დაესწრებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი.