Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს ეშინია ტრამპის, მაგრამ არა ევროპელების

 ვლადიმერ პუტინს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეშინია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ France 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს რეალობაა. რა უნდა უთხრას ტრამპმა პუტინს, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. თუ ტრამპმა იცის, რომ პუტინს მისი ეშინია, მაშინ ის არ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტის ყველა პირობას. სწორედ პუტინს ეშინია ტრამპის და არა პირიქით. აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, რომ მას აქვს გავლენის ბერკეტები: ეკონომიკა, სანქციები, იარაღი, რომელიც შეუძლია გადმოგვცეს, თუ არ სურს ამერიკული არმიის ჩართვა“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

როდესაც ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა ეს იმას, რომ პუტინს ევროპელების საერთოდ არ ეშინია, მან უპასუხა:

„დიახ, მას ევროპელების არ ეშინია. თქვენ იცით, რამდენად მადლიერები ვართ ევროპელების. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, რომლებიც ძალიან დაგვეხმარნენ, მაგრამ პუტინს, სამწუხაროდ, მათი არ ეშინია“.