Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი: მნიშვნელოვანია, რომ უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა - სამმხრივ შეხვედრას ჩვენც მხარს ვუჭერთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით, მოსკოვი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას მხარს უჭერს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღები ჯერ კიდევ თანხმდება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტის შედეგია.

„მნიშვნელოვანია, რომ დღეს უიტკოფი რუსულ მხარეს შეხვდა. როგორც ბრიფინგიდან შევიტყვეთ, რუსეთი ჩვენი გუნდების დონეზე სამმხრივ შეხვედრას მხარს უჭერს. ამერიკული მხარის წინადადებაა, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს და ამას ჩვენც ვეთანხმებით. ზუსტი თარიღები ჯერ უცნობია, თუმცა დღის წესრიგი მკაფიოა: ომის დასრულება, მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმა და, როგორც მესმის, ლიდერების შეხვედრისთვის ნიადაგის მომზადება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე კიევს ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა.

„მოლაპარაკებები რაც შეიძლება ადრე დაიგეგმება, სავარაუდოდ, არაუგვიანეს ნოემბრის დასაწყისისა. ვნახოთ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - აღნიშნა მან.