ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ლონდონში ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა.
პრეზიდენტი ვიზიტს მეფე ჩარლზთან შეხვედრით დაიწყებს ბუკინგემის სასახლეში, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე.
ლონდონის დროით დაახლოებით 14:40 საათზე ზელენსკი „დაუნინგ-სტრიტზე“ ჩავა, სადაც თავდაპირველად ორმხრივ შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან, შემდეგ კი სამმხრივ შეხვედრას გამართავს სტარმერთან და ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან.
გარდა ამისა, საღამოს რუტესთან ცალკე შეხვედრაც გაიმართება.
ადგილობრივი დროით 16:25 საათზე უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ახალი შეთანხმებების ხელმოწერისთვის ემზადებიან.