ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ერთმანეთს შეხვდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სხდომის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთთან ომის დასასრულებლად გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.
„ჩვენ, პრეზიდენტი და მე, ვცდილობთ გამოსავლის პოვნას და ვფიქრობ, ეს მოხდება. ნამდვილად მჯერა ამის. მჯერა, რომ ეს მოხდება. თუმცა ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო“, - განაცხადა ტრამპმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი ომის ზამთრამდე დასრულებაში დაეხმარება.
„ვიმედოვნებ, რომ ამ ომს დავასრულებთ და პრეზიდენტი ტრამპი დაგვეხმარება მის დასრულებაში. ვფიქრობ, ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ, სანამ ზამთარი დადგება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეხვედრაზე ტრამპთან ბევრ სხვადასხვა საკითხს განიხილავს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, კვლავ ფიქრობს, რომ უკრაინა თავის ტერიტორიებს სრულად დაიბრუნებს, როგორც ეს მან გასულ წელს განაცხადა, თუ მშვიდობის სანაცვლოდ დათმობებზე წასვლა მოუწევს.
„ვფიქრობ, ისინი შეთანხმებას მიაღწევენ და არ მინდა ვთქვა, რა სახის შეთანხმება იქნება ეს. ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, რაღაც უნდა მოხდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს, შეეძლო, თუ არა რაიმე ეთქვა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ინდუსტრიაზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ.
„ეს სერიოზული დარტყმაა რუსებისთვის. ეს, ასევე, სერიოზული დარტყმაა დიზელის საწვავის ფასზე. დიზელის საწვავი საკმაოდ გაძვირდა. თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთანავე, ტრამპს ჰკითხეს, არსებობს, თუ არა შესაძლებლობა, რომ „დიდი ოცეულის“ მომავალი სამიტის ფარგლებში, მაიამიში სამმხრივი შეხვედრა გაიმართოს მას, ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის. ტრამპმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, მოხდება, თუ არა ეს, თუმცა გაიხსენა, რომ პუტინს ალასკაში უკვე შეხვდა.
„მაიამისთან დაკავშირებით არ ვიცი. მაიამიში ძალიან მალე მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი... ის შეხვედრისთვის მზადაა. მას სურს, რომ ომი დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ზელენსკისაც და პუტინსაც ომის დასრულება სურთ.
„დრო დადგა. ბევრი ადამიანი იღუპება და მათ ეს არ სურთ. თუმცა, ვფიქრობ, ორივეს ომის დასრულება სურს“, - დასძინა ტრამპმა.