ვოლოდიმირ ზელენსკი ბუქარესტში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა, იუწყება უკრაინული მედია.
რუმინეთში ზელენსკი ქვეყნის პრეზიდენტს ნიკუსორ დანს შეხვდება.
რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ადრე განაცხადა, რომ შეხვედრა კოტროჩენის სასახლეში ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე გაიმართება. ლიდერები თავდაცვისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას, უკრაინის რეკონსტრუქციასა და ევროკავშირის გაფართოებას განიხილავენ.
უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ილიე ბოლოიანს და ეწვევა F-16 ავიაგამანადგურებლის პილოტების სასწავლო ცენტრს.
უკრაინული მედიის ცნობით, 13 მარტს უკრაინის პრეზიდენტი ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან შესახვედრად პარიზში ჩავა. განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების წინააღმდეგ ბრძოლა.