ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისთვის აშშ-ის მეტი ჩართულობაა საჭირო
სამშვიდობო პროცესში აშშ-ის უფრო მეტი ჩართულობა უკრაინას რუსეთთან ომის დასრულების მიზნით სრულფასოვანი მოლაპარაკებების განახლებაში დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა დაადასტურა, რომ კიევმა ვაშინგტონს სამშვიდობო პროცესისთვის ახალი წინადადებები უკვე წარუდგინა.
ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების განახლების ყველა შანსი არსებობს, თუ შეერთებული შტატები მაქსიმალურად ჩაერთვება ამ პრობლემის მოგვარებაში.
სახელმწიფოს მეთაურმა ყველა დეტალის გამხელა არ ისურვა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლას ნამდვილად შეუძლია შედეგი გამოიღოს, განსაკუთრებით თუ ეს თეთრი სახლის მხრიდან მოხდება.
„ჩვენ გვჭირდება ამერიკის უფრო მეტი ჩართულობა სამშვიდობო პროცესში. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის გუნდის, რომ მათ ამის გაგრძელება სურთ. პუტინს ახლა ამ ომის შეჩერება არ უნდა და ამჟამად მასზე საკმარისი ზეწოლა არ ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ უარყო დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.
„მთავარი კითხვაა, რატომ არ დაბრუნდება ის [პუტინი] ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დამატებით ერთი, ან ორი მილიონი ჯარისკაცით. რატომ არ მოვა ის კვლავ ჩვენს დასაპყრობად?“, - დასძინა ზელენსკიმ.