ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, შეხვდეს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის მონაწილეობით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
„ნებისმიერ დროს მზად ვარ. ვფიქრობ, ყველამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ“, — განაცხადა ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას „პოზიტიური და ნაყოფიერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ლიდერებმა განიხილეს „დეესკალაციისკენ მიმართული პოტენციური ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლია, დიპლომატიისკენ გზა გახსნას“.
ზელენსკის თქმით, მათ ასევე განიხილეს რუსეთთან „ენერგეტიკული ზავის“ შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას თავს არ დაესხმებოდნენ.
„რუსული მხრიდან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება იქნება სიგნალი იმისა, რომ ისინი მზად არიან ნაბიჯის გადასადგმელად“, — განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპისგან ვერ მიიღო „კონკრეტული პასუხი“ კითხვაზე, მიაწვდის, თუ არა აშშ უკრაინას დამატებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, თუმცა დასძინა, რომ განწყობა „პოზიტიურია“ და მისი გუნდი „ამ საკითხზე იმუშავებს“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემების საწარმოებლად ლიცენზიები სჭირდება და მან ტრამპს ამ პროცესის ხელშეწყობა სთხოვა.