Loading data...
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მთავრობას დაავალა, ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილებების შესახებ კანონპროექტის ტექსტი პარტნიორებს წარუდგინოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მთავრობას დაავალა, ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილებების შესახებ კანონპროექტის ტექსტი პარტნიორებს წარუდგინოს.

ამასთან, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შემზღუდავი კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების ფონზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელების ღირსეული რეაქცია ყველა მოვლენაზე.

„ჩვენს ოფიციალურ პირებს დავავალე, წარუდგინონ კანონპროექტი ყველა ჩვენს პარტნიორს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები ღირსეულად რეაგირებენ ყველა მოვლენაზე. უკრაინა – ეს არის ხალხი, რომელიც არ არის გულგრილი“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რადაში უკვე წარდგენილია მისი კანონპროექტი, რომელიც „სრულფასოვან გარანტიებს იძლევა ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობისთვის“.

„ყველამ, ვისაც აქვს წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე – ეს არ არის მხოლოდ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურაში, არამედ სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში, ჩვენს ეროვნულ პოლიციაშიც – უნდა გაიაროს სიცრუის დეტექტორზე შემოწმება. ეს უნდა იყოს რეგულარული შემოწმებები“, - აღნიშნავს ზელენსკი.

მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს რეალურ შესაძლებლობებს რუსული ჩარევის თავიდან ასაცილებლად.