Loading data...
ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში: პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება

„პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს მანამ, სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა. მისი თქმით, ამ ტრაგედიის ყველა გარემოება უნდა დადგინდეს.

„ეს ბევრჯერ მითქვამს. ვამბობდი, რომ თუ უკრაინა არ აღიარებს ვოლინის გენოციდს, თუ არ იქნება ექსჰუმაცია, თუ დაღუპულების ხსოვნას პატივს არ მიაგებენ, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ ექნება“, - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს.

ვოლინის ტრაგედია, ან, როგორც მას სხვაგვარად ვოლინის ხოცვას უწოდებენ, 1943 – 1944 წლებში ვოლინში მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, უკრაინის აჯანყებულთა არმიამ ეთნიკურად პოლონელი მოსახლეობა მოკლა. პოლონელები ამ ფაქტს გენოციდს უწოდებენ, თუმცა ოფიციალური კიევი ასე არ ფიქრობს.