ვლადიმერ სოლოვიოვის გამონათქვამების გამო იტალიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ცნობილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის განცხადებების შემდეგ, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი იტალიაში ალექსეი პარამონოვი საგარეო საქმეთა სამინისტრში დაიბარეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„რუსეთის ელჩი პარამონოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, რათა ოფიციალური პროტესტი გამოვუცხადოთ ტელეწამყვანის, ვლადიმერ სოლოვიოვის ძალზე სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონისთან დაკავშირებით“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ.
სოლოვიოვმა საკუთარი საავტორო გადაცემის ეთერში მელონის „ფაშისტური არსება“ უწოდა.
„ღალატი - მისი მეორე სახელია. მან უღალატა ტრამპს, რომელსაც მანამდე ერთგულების ფიცი მისცა“, - განაცხადა სოლოვიოვმა.
თავად მელონიმ აღნიშნა, რომ ეს განცხადება „რეჟიმის ცნობილმა პროპაგანდისტმა გააკეთა“.
„მას არ შეუძლია ჩვენთვის არც თანმიმდევრობის, არც თავისუფლების შესახებ ლექციის წაკითხვა. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენთან არ არსებობენ ადამიანები, რომელთა მართვა ძაფებით ხდება და ჰყავთ პატრონები, რომლებიც მათ ბრძანებებს აძლევენ“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
რუსეთის ელჩმა იტალიაში ალექსეი პარამონოვმა კი განაცხადა, რომ ის გაოცებულია, რადგანაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ჟურნალისტის მოსაზრების გამო, რომელიც მან საკუთარ ონლაინ-არხზე გამოთქვა.