Loading data...
ვლადიმერ პუტინმა ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა: მოსკოვი ვენესუელის დახმარებას გააგრძელებს

სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვენესუელის პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ, გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მზარდი გარე ზეწოლის ფონზე, მოსკოვი კარაკასის გვერდში დგომას გააგრძელებს. ინფორმაციას კრემლი პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ აქვეყნებს.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინმა და მადურომ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესაბამისად მოქმედებისა და ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელების სურვილის შესახებ ისაუბრეს.

„სახელმწიფოების მეთაურებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთ-ვენესუელის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, ნოემბერში ძალაში შესული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვენესეულის ხელისუფლება ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას თუ არ გაამკაცრებს, აშშ-მა, შესაძლოა, ვენესუელაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს.

ამასთან, ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონმა ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში ხომალდებზე, რომლებსაც, მათივე ცნობით, ნარკოტიკები გადაჰქონდათ, ავიადარტყმები განახორციელა.