ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
კრემლის ლიდერის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ცნობით, დმიტრიევი 24 სექტემბერს ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა, რათა აშშ-სა და რუსეთს შორის თანამშრომლობა, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება განეხილათ.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ დმიტრიევი ნიუ-იორკში იმყოფებოდა „სამშვიდობო ძალისხმევისა“ და რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგის გაგრძელების მიზნით, მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამერიკელ წარმომადგენლებს შეხვდა.
CNN-ი იხსენებს, რომ 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ.
ამ კვირაში გამართულ ასამბლეაზე ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა და რუსეთი ომის დასრულებაზე შეთანხმებას მიაღწევენ.