ვლადიმერ პუტინის კურილის კუნძულებზე ვიზიტის გამო იაპონიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
იტურუპის კუნძული იაპონიის განუყოფელი ნაწილია, სწორედ ამიტომ ტოკიო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამ ტერიტორიაზე არაკოორდინირებულ ვიზიტს გმობს. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ტაკაიჩიმ რუსეთს და მსოფლიოს შეახსენა, რომ ჩრდილოეთის ტერიტორიები, მათ შორის იტურუპის კუნძული, იაპონიის განუყოფელი ნაწილია „როგორც ისტორიულად, ასევე საერთაშორისო სამართლის მიხედვით“.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პუტინის ვიზიტი კურილის კუნძულებთან დაკავშირებით „იაპონიის თანმიმდევრულ პოზიციასთან შეუთავსებელია“.
ამასთან, იაპონიის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი ნიკოლაი ნოზდრევი დაიბარეს. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოშიმიცუ მოტეგიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ნოზდრევს მოუწოდა, ტოკიოს პროტესტი რუსეთის მთავრობას გადასცეს.