Loading data...
ვლადიმერ პუტინი: უკრაინის პრეზიდენტმა დაკარგა საკუთარი ლეგიტიმური სტატუსი, ამიტომ დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია

„დოკუმენტების ხელმოწერა უკრაინის ხელმძღვანელობასთან აზრს მოკლებულია. ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. უკრაინის ხელმძღვანელობამ დაუშვა პრინციპული, სტრატეგიული შეცდომა, როდესაც შეეშინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე წასვლის, რის შემდეგაც პრეზიდენტმა დაკარგა თავისი ლეგიტიმური სტატუსი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთში ვიზიტის დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დაიდება ნებისმიერი ხასიათის სამშვიდობო შეთანხმება, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ხოლო საომარი მდგომარეობა თუ გაუქმდება, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს არჩევნები.

„რუსეთიც იმყოფება უკრაინასთან შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, მაგრამ ჩვენ ხომ ჩავატარეთ არჩევნები – საპრეზიდენტო არჩევნებიც, ცოტა ხნის წინ - ხელისუფლების მუნიციპალურ და რეგიონულ ორგანოებში. ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ისინი რატომღაც - არა. როგორც კი დაიდება ნებისმიერი ხასიათის სამშვიდობო შეთანხმება, საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს საომარი მდგომარეობა. საომარი მდგომარეობა თუ გაუქმდება, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს არჩევნები. დღევანდელ პირობებში უკრაინის მოქმედ ხელისუფლებას გაუჭირდება, ჰქონდეს გამარჯვების იმედი გაყალბების გარეშე. ჩემი აზრით, ეს თითქმის შეუძლებელია, თუმცა, როგორც სტალინი ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ აძლევს ხმას, მნიშვნელოვანია, ვინ ითვლის ხმებს. ადმინისტრაციული რესურსი არავის გაუუქმებია, მაგრამ ეს მათთვის მაინც რთული ამბავია, თუმცა შემდეგ საჭიროა ყველა ტერიტორიულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება, ასე წერია კონსტიტუციაში. რეფერენდუმი უნდა დადასტურდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საკონსტიტუციო სასამართლო არ მუშაობს, მისი თავმჯდომარე კი კორუფციის ბრალდებით არის დაპატიმრებული.

პუტინის თქმით, უფლებამოსილების გახანგრძლივების უფლება საომარი მდგომარეობის პირობებში აქვს მხოლოდ უმაღლეს რადას, პრეზიდენტს კი - არა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა უკრაინასთან საბოლოოდ შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შეუძლებელია იურიდიულად. ხოლო ვისაც შეუძლია და სურს, იმან აწარმოოს მოლაპარაკებები. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი საერთაშორისო მოთამაშეების მიერ. ამას აქვს მნიშვნელობა, რადგან ერთი საქმეა გადაწყვეტილებების აღიარება, გარკვეული ტერიტორიები იქნება რუსეთის სუვერენიტეტის ქვეშ. შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში ეს იქნება რუსეთის ფედერაციაზე თავდასხმა, რასაც მოჰყვება რუსეთის საპასუხო ზომები ან ეს იქნება აღქმული, როგორც უკრაინის კანონიერი ტერიტორიის დაბრუნების მცდელობა. ეს სხვადასხვა რამაა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება აღიარება, თუმცა დღეს არა უკრაინისგან. ვიმედოვნებ, მომავალში ჩვენ შევძლებთ უკრაინასთანაც მოლაპარაკებას“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინს ასევე ჰკითხეს დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე, რომელიც ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიად დე ფაქტო აღიარებას ითვალისწინებს. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ შეიძლება, აღიარება მოხდეს დე ფაქტო და არა - დე იურე.

„სწორედ ეს უნდა იყოს ამერიკულ მხარესთან ჩვენი მოლაპარაკებების საგანი. დიდი მადლობა, რომ ამას მიაქციეთ ყურადღება. თქვენ მართალი ხართ, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.