Loading data...
ვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა

„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და მათში მონაწილე შუამავლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამასთან, პუტინის თქმით, „უიტკოფთან და კუშნერთან თანამშრომლობისას რუსეთი თავს კომფორტულად გრძნობს“.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მოხდეს, ამ ტიპის კონტაქტები ყოველთვის სასარგებლოა.  ძალიან მნიშვნელოვანია მედიაციის ხარისხი და ჩართული მხარეების ნდობა. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს თქვენთან ერთად მუშაობით“, – განაცხადა რუსეთის ლიდერმა უიტკოფთან და კუშნერთან შეხვედრაზე.

რუსული მედია წერს, რომ სტივ უიტკოფმა ვლადიმერ პუტინს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საუკეთესო სურვილები გადასცა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, გადმომეცა მისი საუკეთესო სურვილები“, – განაცხადა უიტკოფმა პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებისას.