ვლადიმერ პუტინი: დასავლეთმა ჯინი ბოთლიდან გამოუშვა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთმა „ჯინი ბოთლიდან გამოუშვა“ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებით, რომლებიც არ შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველს - გაეროს ქარტიას. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა სანკტ-პეტერბურგში საზღვაო ძალების დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, ვლადიმერ პუტინმა საუბრისას აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა გაეროს წესდების საფუძველზე, რომლის ფორმირებაშიც გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მიიღეს მონაწილეობა.
„სწორედ ეს წესდება (გაეროს წესდება) წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველს. დადგენილი იქნა გარკვეული წესები. შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ერთ-ერთმა სახელმწიფომ, რომელიც გაეროს დამფუძნებელი და ამ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის შემქმნელი იყო, არსებობა შეწყვიტა.
ე.წ. ცივი ომის გამარჯვებულებმა, როგორც აშშ-მა, ისე მთლიანად კოლექტიურმა დასავლეთმა მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ რაღაცის გადახედვა იყო საჭირო: „რატომ უნდა სარგებლობდეს რუსეთი, რომელიც უკვე საბჭოთა კავშირი აღარ არის და რომელმაც თავისი გარკვეული პოტენციალი დაკარგა, იმავე უპირატესობებით, რითაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყანა სარგებლობს?“, - განაცხადა პუტინმა.
ამასთან, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, პუტინმა თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა მაშინვე დაიწყეს საკუთარი წესების პრაქტიკაში გატარება და მან იუგოსლავიაში მომხდარი მოვლენები გაიხსენა.
„ახლა არანაირ შეფასებას არ გავაკეთებ, ეს რთული პროცესია. მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას. მათ უბრალოდ ჯინი ბოთლიდან გამოუშვეს“, - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.