ვლადიმერ პუტინი: ჩინეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება
„თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში, მათ შორის ეკონომიკაში. ჩვენ ვახორციელებთ მსხვილ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, კოსმოსის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ციფრული ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმის წყალობით ორ ქვეყანას შორის ტურიზმი წლის პირველ ნახევარში 43%-ით გაიზარდა და დასძინა, რომ რუსული მხარე მზად არის უვიზო რეჟიმი მუდმივი გახადოს.
„ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ უვიზო რეჟიმის მუდმივად ამოქმედებაზე, თუ ჩინური მხარე ამას შესაძლებლად და სასარგებლოდ ჩათვლის“, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი უცხოელ ლიდერებს შეხვდა, სადაც განხილვის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო დღის წესრიგი იყო.