ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი შეიარაღების მთელ არსენალს გამოიყენებს, თუ მის რომელიმე რეგიონს თავს დაესხმებიან
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კალინინგრადზე, ან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონზე პირდაპირი თავდასხმის შემთხვევაში, მოსკოვი იარაღის მთელ არსენალს გამოიყენებს.
„ჩვენ არავის ვაშინებთ. ის, რაც ახლა თქვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და წერილები, რომლებიც საგარეო უწყებამ ზოგიერთ ქვეყანაში დააგზავნა, არ არის დაშინება. ეს არის პასუხი ჩვენი დაშინების მცდელობაზე“, - განაცხადა პუტინმა „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ყველაფერი სწორად არის ჩამოყალიბებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და იმ წერილებში, რომლებიც დაიგზავნა. თუ საქმე რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე მივა — ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ კალინინგრადზე და შესაძლოა, სხვა ტერიტორიებზეც — რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის განკარგულებაში არსებული ყველა შეიარაღების გამოყენების საკითხი აუცილებლად და დაუყოვნებლივ დადგება დღის წესრიგში. ეს გარდაუვალია“, - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კალინინგრადთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილში საუბარია არა ბირთვული იარაღის საპასუხო გამოყენებაზე, არამედ „ჩვენი ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა ძალისა და საშუალების შესაძლო გამოყენებაზე და ჩვენ გადავწყვეტთ, თუ რა იქნება ეს საშუალებები“.