Loading data...
ვიტალი კლიჩკო: კიევი გადარჩენის რეჟიმზე გადადის - მოსახლეობას, ვისაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავთ, ვურჩევთ, დროებით გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ

„კიევი გადარჩენის რეჟიმზე გადადის.  მათ, ვისაც დედაქალაქის ფარგლებს გარეთ მეგობრები ან ნათესავები ჰყავთ, ვურჩევთ, დროებით გადასვლის შესაძლებლობა განიხილონ,“ - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც კლიჩკომ აღნიშნა, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა კიევზე თავდასხმები გააძლიერა, რის გამოც უმჯობესია, თუ დედაქალაქში მცხოვრები პირები ქალაქს დროებით დატოვებენ.

„ყოველდღიურად შემოდის ახალი ცნობები დანგრეული შენობების, დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ, რადგან ჩვენი ქალაქის დაბომბვა ძლიერდება. დღეს ეს გადარჩენის საკითხია“, - აღნიშნა კლიჩკომ. 

ვიტალი კლიჩკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის არ მოუწოდებს კიევის მოსახლეობას სრული ევაკუაციისკენ.

„ეს პუტინის მიზანია. პუტინისთვის საუკეთესო სცენარი ისაა, რომ ყველანი წავიდეთ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ. 

ამასთან, როგორც უკრაინული მედია იტყობინება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გენერალ სერგეი სუროვიკინს დაავალა დნეპრზე არსებული ხიდების განადგურება, რათა კიევის პარალიზება მოხდეს.