Loading data...
ვიქტორ ორბანი პუტინს: უნგრეთი დაინტერესებულია მშვიდობით, ვიმედოვნებთ, სამშვიდობო ინიციატივები შედეგებს საბოლოოდ გამოიღებს

„ჩვენ შევქმენით ატმოსფერო, რომელიც საშუალებას გვაძლევს ღიად განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც ტელეარხ „როსია 24“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 

„ჩვენ ვიცით თქვენი დაბალანსებული პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით“, - მიმართა ვლადიმერ პუტინმა ვიქტორ ორბანს. 

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ უნგრეთი მშვიდობით არის დაინტერესებული. 

„უკრაინა უნგრეთის მეზობელია, ამიტომ უნგრეთი უკრაინის კონფლიქტის სრულ გავლენას განიცდის. ჩვენ ასევე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს განვიცდით.

უნგრეთი დაინტერესებულია მშვიდობით და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული სამშვიდობო ინიციატივები საბოლოოდ შედეგებს გამოიღებს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. 

ორბანის განცხადებით, უნგრეთი მზადაა უზრუნველყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმა და ხელი შეუწყოს ამ პროცესის წარმატებით დასრულებას. 

პუტინმა საპასუხოდ მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში მოლაპარაკებების ჩატარების იდეა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

როგორც „ბიბისი“ წერს, ორბანთან ერთად მოსკოვში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც იმყოფება. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრ ნოვაკი.