Loading data...
ვიქტორ ორბანი: პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, ნავთობის მიწოდება არ აღდგენილა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, „დრუჟბას“ ნავთობსადენის საკითხზე კონსულტაციებს თავის სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ ფიცოსთან გამართავს. 

როგორც ორბანმა აღნიშნა, „კიდევ ერთი დღე გავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ კიდევ არ განუახლებია ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით.“

„ნავთობის მიწოდება დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს! ჩვენ ვიცით, რომ მილსადენი ფუნქციონირებს. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, უნგრეთში ნავთობის მიწოდება არ აღდგენილა“, - წერს ვიქტორ ორბანი. 

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტისგან, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ელის.

„სწორედ ამიტომ, დღეს კონსულტაციებს გავმართავ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან“, - აცხადებს რობერტ ფიცო

ცნობისთვის, უნგრეთმა ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები და უკრაინისთვის სესხის გაცემა დაბლოკა, რის მიზეზადაც „დრუჟბას“ გავლით ნავთობის ნაკადის შეჩერება დაასახელა.

უკრაინა აცხადებს, რომ იანვრის ბოლოს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანებული მილსადენი ჯერ კიდევ არ არის შეკეთებული.