Loading data...
ვინიცაში პოლიციას და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა

უკრაინის ქალაქ ვინიცაში ადგილობრივ მოსახლეობასა და სამობილიზაციო პუნქტის თანამშრომლებს შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

ადგილობრივი მოსახლეობა „ლოკომოტივის“ სტადიონთან შეიკრიბა, სადაც, მათი თქმით, 100 კაცი უკანონოდ ჰყავთ დაკავებული. ამ ადამიანების შეიარაღებულ ძალებში გაწვევა იგეგმება. აქციის მონაწილეებმა სტადიონის კარები შეანგრიეს და ნათესავების გათავისუფლება მოითხოვეს.

ამის შემდეგ ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. მათ წიწაკის სპრეი გამოიყენეს და აქციის მონაწილეები დააკავეს. ღამის 12.00 საათზე პოლიციამ მოითხოვა, რომ მოსახლეობა დაიშალოს, რადგანაც კომენდანტის საათი იწყება. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის მოთხოვნას დაემორჩილა, მაგრამ 20-მდე ადამიანი სტადიონთან დარჩა.

დილით ვინიცის პოლიციამ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სტადიონთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ჩაატარებს. ვინიცის სამობილიზაციო პუნქტის თანამშრომლებმა კი განაცხადეს, რომ ისინი წვევამდელების სამობილიზაციო სამუშაოებს ატარებდნენ და რომ კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ.