Loading data...
ვიქტორ ორბანმა ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და მას „მსუბუქი წონის“ მომლაპარაკებელი უწოდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა და მას „მსუბუქი წონის“ მომლაპარაკებელი უწოდა.

„ეს არ იყო შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან დადო - ეს იყო დონალდ ტრამპი, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენი საუზმეზე მიირთვა“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეთანხმების თანახმად, აშშ 15%-იან ტარიფებს  დააწესებს ევროკავშირის უმეტეს იმპორტზე, ხოლო ბრიუსელი დაჰპირდა ამერიკული ენერგორესურსების შეძენას.

ორბანმა დასძინა, რომ აშშ-ბრიტანეთის შეთანხმება გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ის, რაც ევროკავშირმა მიიღო.

ამასთან, აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებას პლატფორმა X-ზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ბრიუსელს ახალი ლიდერი სჭირდება.“

ინფორმაციისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ლაიენი აცხადებს, რომ აშშ-ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში 15-პროცენტიანი საბაზისო ტარიფი გავრცელდება ყველა სექტორზე, მათ შორის, ავტომობილებსა და ფარმაცევტულ პროდუქციაზე.

თავის მხრივ, ევროკავშირი თავის ბაზარს ამერიკული ექსპორტიორებისთვისაც გახსნის. ამასთან, ევროკავშირი შეერთებული შტატებისგან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს შეიძენს.