Loading data...
ვიქტორ ორბანი: უნგრეთი არ უჭერს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში წევრობას, რადგან ეს ომს შემოიტანს ევროპაში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. 

ორბანის განცხადებით, ზელენსკი უნგრეთს და უნგრეთის მთავრობას სხვადასხვა ბრალდებებით დაესხა თავს. 

„დღეს პრეზიდენტი ზელენსკი ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, კიდევ ერთხელ დაესხა თავს უნგრეთს და უნგრეთის მთავრობას სხვადასხვა ბრალდებებით. 

მინდა, ასევე მივაქციო პრეზიდენტის ყურადღება იმ ფაქტს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირისგან მიღებული მხარდაჭერა მოიცავს უნგრულ ფულსაც. ჩვენ ეს არ გვახარებს, მაგრამ ეს მაინც ფაქტია. უნდა უარვყო მინიშნება, თითქოს უნგრეთს უკრაინის ვალი აქვს. უკრაინა არ იცავს უნგრეთს არავისგან და არაფრისგან. ჩვენ ასეთი რამ არ გვითხოვია და არასდროს ვითხოვთ. უნგრეთის უსაფრთხოება გარანტირებულია ჩვენი ეროვნული თავდაცვის შესაძლებლობებითა და ნატოთი, რომლის წევრი უკრაინა (საბედნიეროდ) არ არის.

და ბოლოს, მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, ერთსულოვნად. ეს ნიშნავს, რომ ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, მხარი დაუჭიროს ან წინააღმდეგი წავიდეს ახალი წევრის მიღებაზე. უნგრეთი არ უჭერს და არც დაუჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში წევრობას, რადგან ეს ომს შემოიტანს ევროპაში და უნგრელების ფულს უკრაინაში წაიღებს. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე უნდა შევიდეს სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს არის ჩვენი წინადადება. ჩვენ ამ პოზიციას მომავალშიც დავიცავთ, რისი სრული უფლებაც გვაქვს“, - წერს ორბანი პლატფორმა X-ზე. 

ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა: „არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს რამე უნდა შევთავაზო, თავად ორბანმა უნდა შესთავაზოს რაღაც უკრაინას, რომელიც მთელ ევროპას რუსეთისგან იცავს“.